,,მართლა ვირის შემოყვანა გნებავთ საქართველოში?” — მესმის შემცბარი ხმა ტელეფონში.
,,არა, ეს მხოლოდ საპალნე ჯორია”.
,,ჯორი?”
,,იცით? აი, ცხენს და ვირს რომ შეაჯვარებთ ერთმანეთს აი, ის”.
,,ვიცი, ჯორი რაც არის”.
ეს შემცბარი ხმა ნიკა ზურაშვილს ეკუთვნის, რომლის შესახებ ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი კოლეგის შორეული ნაცნობი გახლავთ …
ერთი სიტყვით, სადღაც კავკასიაში, საქართველოს ეროვნული მეზეუმის დირექტორის და ამავე დროს, ნიკას უფროსის, დავით ლორთქიფანიძის მითითებით, აგრეთვე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, მისი აღმატებულების, არჩილ გეგეშიძის დავალებითა და National Geographic-ის საზოგადოების თავაზიანი თხოვნით, ნიკა ზურაშვილს დაევალა ერთი მეტად დელიკატური და უჩვეულო საქმის მოგვარება — თურქეთიდან საქართველოს საზღვარზე დედალი ჯორის კირკატირის შემოყვანა უნდა უზრუნველყოს. ნიკა პროფესიით ადვოკატია, ლოგისტიკოსი, რომელიც ყოველგვარ პრობლემას ადვილად აგვარებს ანუ ფასილიტატორი. ერთი სიტყვით, ნამდვილი ყოვლის შემძლეა — ქვას რომ გასტეხს, ზედმიწევნით შემოქმედი პიროვნება. ,,გადმოგირეკავთ” — მომიგო და რამდენიმე დღეში სიტყვაც შეასრულა: თურქეთის თოვლიან მთებში, შარაგზაზე ჩემმა მობილურმა დაიწკარუნა, რასაც მოჰყვა ნიკას ხვნეშა: ,,ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ცხოველის საზღვარზე გადაყვანა შეუძლებელია”. როგორც ჩანს, მან ყველაფერი ირონა, ხელისუფლებაც შეაწუხა, პოლიტიკოსებსაც დათაფლული ენით ესაუბრა, მაგრამ კანონი კანონია. ანუ, ვეტერინარული აკრძალვებიო, ერთი სიტყვით, კარანტინი.
,,მაშ, გამოდის, რომ ჯორი აქ, ბედის ანაბარა უნდა დავტოვოთ?”კირკატირი — ეს ერთგული პირუტყვი, მტკიცე, უპრეტენზიო, მუდამ საზეიმო განწყობის, კბილებდაბრეცილი სტოიკოსი, რომლის ერთადართი სისუსტე დაფასოებული ორცხობილებისადმი დიდი სიყვარულია. მართალია, კარგა ხანია ჯეელი აღარაა. უხეში ტუჩები დაღარვია და დანაოჭებია, ჩლიქები ძველებური სიმარდით აღარ ჭედავს ქვიან, ციცაბო ბილიკზე. სამაგიეროდ, კირკატირი ნამდვილი ბრძენია, სისულელის ნატამალიც კი არა აქვს. მოგზაურობის ნიჭი დედის მუცლიდან გამოჰყოლია, რის გამოც დიდი გზის ყოველი ოინი ესმის: თაკარა მზეს უმალ ემალება, ემორჩილება ხანგძლივი მგზავრობის დამღალავ წესებს — ცხიმის მარაგს აგროვებს (წვიმაში თუ დარში დაუღალავად ცოხნის, გაუჩერებლად და ნერვიულად: საკუთარი თვალით მინახავს ზამთარში დამჭკნარ ფოთლებს რომ მიეძალა გაყინული თოვლის საფარქვეშ). მე და კირკატირმა უკიდეგანო თურქეთი ერთად გადავიარეთ. მრავალგამოვლილი, მცირე აზიის წითელი მტვრისაგან შობილი ამ არსების შავი თვალებიდან უინტერესოდ იკითხება მსოფლიოს მარადიული მშვენიერება: აყვავებული ვენახების თვალჟუჟუნა მწკრივები, მდინარე ევფრატის მოქნილი ზვირთები, კავკასიის მთების ბრჭყვიალა ყინულით დაფარული ცის გუმბათები. ხუთი თვის მანძილზე სისხამ დილას — მეჩეთში, ქვის ქოხსა თუ კარავში თხილის ხეეების ძირში — ერთსა და იმავე რიტუალს ვასრულებში: ძილმორეული გავხედავდი კირკატირს და იქვე ახლოს დაბმულს ვნახავდი მოძრავი ლანდშაფტის ფონზე, ვმშვიდდებოდი არსად გაპარულაო. ამ პატარა ქმნილებამ ანატოლიას მიმაჯაჭვა, ლამის ნატურმორტად ვიქცეთ ერთად.
კირკატირი კი მაინც არავის სურს!
მილს მილი მოსდევს. გზას გზა ცვლის. დღეებს კვირეები ცვლის. ქართული საზღვარი შორიდან მიცინის. ეთნიკურ ქურთებს, თურქებსა და აზერბაიჯანელებს ვთავაზობ კირკატირს, ისინიც უარის ნიშნად მხრებს იჩეჩენ და მპასუხობემ: ,,ჯორები აღარ გვჭირდება”. როგორც ჩანს, სოფლის ხალხს ტრაქტორები ჰყავთ. მათი მანქანები დიზელზე მუშაობენ და არა თივაზე.
ჩემი გიდი, ეროვნებით ქურთი მურატ იაზარი შეწუხებული ამბობს ,,კირკატირისთვის კარგი პიროვნება უნდა გამოვნახოთ. ასე ხომ ვერ გავუშვებთ. მგლები შესანსლავენ”.
და, კვლავ, მივლასლასებთ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის კლდეებს შუა, ხან მივუყვებით მდინარის მწვანე ხეობებს, ჩავუვლით ჩალისფერ სტეპებს, თვალისმომჭრელ თოვლიან მინდვრებს და ყველას ერთი თხოვნით მივმართავთ: ,,კარგი ჯორი არ გინდათ? ერთგული ჯორი არ გჭირდებათ? საუკეთესო ზნის ჯორი არ გამოგადგებათ?”
როგორც იქნა, პოსოფის მახლობლად ერთი მოხუცი კაცი შემოგვეფეთა — მეგობრული. ცნობისმოყვარე. ღარიბი. სულ შავები ემოსა ყვავივით. მურატი ამბავს უამბობს: ეს ჯორი ისეთი ნაკითხია სათვალე რად არ უკეთია მიკვირს. ათი მოჭიდავის ძალა აქვს. შენი ბებოსავით კეთილშობილია. შვიდასი მილი და იქნებ მეტიც ფეხით გამოიარა ორთქლიანი ხმელთაშუა ზღვიდან აქამდე. იქ, მერსინში, ერთმა ხის მჭრელმა აჰმედმა მომყიდა. აჰმედი ალეველია, ისლამური სექტის ჩაგრული უმცირესობის წევრი, რომელიც განთქმულია თავისი ამტანობით, გულახდილობითა და კომუნალური ცხოვრების წესით.
მოხუცი გვიცხადებს: ,,ჯორს მე წავიყვან და გპირდებით, თვალის ჩინივით გავუფრთხილები”.
მე და მურატი მოულოდნელობისგან გავშეშდით. რეტდასხმულები ერთმანეთს შევცქერით, თან გულს ბაგა-ბუგი გააქვს. მოხუცი გვიხსნის, რომ ისიც ალეველია და მისი სახელიც აჰმედია.
ამ მოტიტვლებულ გორაკზე, საიდანაც მთელი თურქეთი დასავლეთისკენ ჩვენს თვალწინ იშლება, ვდგავართ კირკატირთან ერთად და ვიცინით.
წრე შეიკრა.
